“ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხი წელიც” – ირაკლი კობახიძე

89
spot_img

სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ასევე, „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არა მარტო 2024 წლის არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც აპირებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი – პირდაპირ თქვა, სირცხვილია, სამარცხვინოა. უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას. ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი. რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან? არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება. თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში, არც მოსაწყლების და არც იმედის საფუძველი აქვს, რადგან ერთი – იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე – „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლისაც უნდა რცხვენოდეს. ყველა მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს“.