ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

2
spot_img

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, ანრი ოხანაშვილისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამისთვის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ძლიერი, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს თანასწორი შესაძლებლობები და სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ემსახურებიან მათ.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმიანობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით გააგრძელებს.

„პირველი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა. ამ მიმართულებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის რეფორმა, მათ შორის, საუბარია „მიწის კოდექსის“ შემუშავებაზე. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება კოდიფიკაციას, შეეხება ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით კონკრეტულ საქმიანობას. კერძოდ, სამინისტრო პროაქტიულად განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების იდენტიფიცირებას, ჰარმონიზაციას და მათთან დაახლოების პროცესის მონიტორინგს, უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამინისტროს საქმიანობის მეორე ძირითადი მიმართულება არის მოქალაქეებისათვის სერვისების უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით, 2028 წლისთვის დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის მოქმედების არეალის სრულად დაფარვა. პრაქტიკულად, ამ მიმართულებით გაგრძელდება მობილური იუსტიციის სახელების პროექტიც. ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და ასევე, იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე. ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე – გაგრძელდება და გაფართოვდება პენიტენციური დაწესებულებების მაღალი სტანდარტით მშენებლობის, კაპიტალური რემონტის, რეაბილიტაციის და აღჭურვის პროცესი. განახლდება მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამები. ასევე, საჭიროების მიხედვით შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტროს საქმიანობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება იქნება წარმომადგენლობითი ფუნქცია უცხო ქვეყნების საერთაშორისო არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტების წევრებმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილის არჩევასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.