“ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინელებში პესიმიზმი ძლიერდება”-The Economist

41
spot_img

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინელებში პესიმიზმი ძლიერდება”, რომელშიც განხილულია უკრაინის საზოგადოებაში არსებული სიტუაცია რუსეთთან ომის მსვლელობისა და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა რუსეთთან ომის უკვე მესამე წელი დაიწყო, უკრაინელებში მატულობს გაურკვევლობის გრძნობა, რაც თანდათან მოსახლეობის მეტ რაოდენობაზე ვრცელდება. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, „შესაძლო გამარჯვების“ რწმენას მოქალაქეთა 85% ინარჩუნებს, მაგრამ როდის მოხდება გამარჯვება, დასახელებული ვადები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება.

ბევრი დარწმუნებულია, რომ რუსების დამარცხებას წლები დაჭირდება. კიდევ ერთი გარემოება: პირველად კონფლიქტის დაწყებიდან, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის.

„მოსახლეობის სულ უფრო მეტი ნაწილი ფიქრობს არა იმდენად რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნებაზე (ანუ ქვეყნის კანონიერი საზღვრების აღდგენაზე), არამედ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე“, – ამბობს ალექსანდრე მარტინენკო, ჟურნალისტი, ყოფილი მაღალჩინოსანი. „ჩვენ რუსების წინააღმდეგობის გაწევას, მათი შეჩერების მიზნით, გავაგრძელებთ, მაგრამ გაურკვეველია მთავარი კითხვა: როდემდე?“.
დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შესუსტება იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია, დიდი ალბათობით, გაუარესდება. უკრაინელი ჩინოვნიკები სულ უფრო მეტად ნერვიულობენ იმაზე, რომ მცირდება ფულის ნაკადი, იარაღის მიწოდება და მობილიზაციის ტემპები. როგორც სერგეი მარჩენკო ამბობს, უკრაინის ფინანსთა მინისტრი, იგი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ დანაპირებს და უკრაინის 2024 წლის არასამხედრო (სოციალურ) ბიუჯეტში 37 მილიარდ დოლარს ჩარიცხავენ (უშუალოდ უკრაინაში გადახდილი გადასახადები მთლიანად სამხედრო მიზნებით იხარჯება), მაგრამ მან არ იცის, თუ რა იქნება მომავალ წელს: „ჩვენ არანაირი გარანტიები არ გვაქვს 2025 წლისათვის“.

რაც შეეხება საბრძოლო მასალების უკმარისობაა, ის უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა და მისი მოგვარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ევროპა ისევ ისწავლის იარაღის წარმოებას, რომელსაც ცივი ომის შემდგომ წლებში გადაეჩვია.
რა თქმა უნდა, რუსეთსაც თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ კრემლი მოსახლეობის რაოდენობითა და რესურსების თვალსაზრისით უპირატესობას ინარჩუნებს, რასაც ხანგრძლივი და გაჭიანურებული კონფლიქტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს: „სანამ მსუქანი ხდება [წონაში იკლებს], მანამ გამხდარი კვდება“, – ციტირებს უკრაინის დაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილობრივ უკრაინულ ანდაზას.

მიხეილ ფედოროვი – პრემიერ-მინისტრის მოადგილე და სამხედრო ტექნოლოგიების კურატორი, ამბობს, რომ წინსვლისათვის ერთადერთ გზას თვითკმარობა წარმოადგენს: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ძალის დემონსტრაცია მოვახდინოთ. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან აშკარა უპირატესობა გვაქვს რუსეთზე ეფექტიანობასა და მაღალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისება-დანერგვის სფეროში“.
ვიცე-პრემიერის თქმით, კრეატიული აზროვნებით მოქმედებამ უკრაინას მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მოუტანა: კიევმა შეძლო მოეპოვებინა წარმოუდგენელი წარმატებები შავ ზღვაზე: 2023 წელს და 2024 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთი მეხუთედი გაანადგურეს და შეძლეს გემების ცურვისათვის საზღვაო დერეფნის შექმნა, რუსეთის მხრიდან მუდმივი მუქარების მიუხედავად. კრეატიულმა მიდგომამ ასევე ხელი შეუწყო იაფი და ბრძოლისუნარიანი დრონების წარმოებას. უკრაინას შეუძლია იტრაბახოს უპილოტო საფრენი აპარატების ათამდე მოდელით, რომლებსაც მიზნის განადგურება 600 კილომეტრის დაშორებით შეუძლიათ. შორი რადიუსით მოქმედი დრონების ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანია დარწმუნებულია, რომ 2024 წელს უკრაინული დრონები რუსეთის სიღრმეში – ცენტრალურ რეგიონებში მდებარე ობიექტებსაც გაანადგურებენ. „პუტინს მოუწევს საკუთარი ხალხის წინაშე ახსნა-განმარტება. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, იგი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება“.
მაგრამ რუსეთის სამომავლო პერსპექტივისაგან განსხვავებით, უკრაინას სწორედ ახლა უმძიმდება შიდაპოლიტიკური სიტუაცია, მისი მდგომარეობა სულ უფრო მყიფე ხდება. ორი წლის განმავლობაში არსებული უჩვეულო პოლიტიკური ერთიანობა თანდათან ადგილს უთმობს ტრადიციულ საჯარო-პოლიტიკურ უთანხმოებას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს მკაცრად ჩაახშოს ყოველგვარი კრიტიკა. თებერვლის დასაწყისში მან პოსტიდან მოხსნა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი – მას შემდეგ, რაც გენერალმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და ერთმანეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. ამ სარისკო გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები პრეზიდენტს, ალბათ, წინ დაუხვდება. საქმე ისაა, რომ პოსტიდან გათავისუფლებამდე ვალერი ზალუჟნი უკრაინელებს შორის 94%-იანი რეიტინგით სარგებლობდა, ხოლო მისი შემცვლელ ალექსანდრე სირსკის მხარს მხოლოდ 40% უჭერს.

ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ უკრაინის პოლიტიკური სისტემა ამგვარ მზარდ დაპირისპირებასა და დაძაბულობას გადაიტანს. მისი მტკიცებით, კრემლი აუცილებლად ისარგებლებს უკრაინის შიდაპოლიტიკური განხეთქილებით: „რუსეთს სურს ვოლოდიმირ ზელენსკი თავიდან მოიცილოს – იმიტომ, რომ უკრაინაში სიტუაცია უკონტროლო გახდეს“.

ყველაზე რთული მომენტი, ალბათ, მაისში დადგება, როცა ოფიციალურად დასრულდება ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთწლიანი პრეზიდენტობა. მართალია, სამხედრო მდგომარეობა მას უფლებას აძლევს პოსტზე მანამ დარჩეს, სანამ სხვა არ ჩაანაცვლებს, მაგრამ სხვა არავინ არ იქნება, რადგან იმავე სამხედრო მდგომარეობის გამო, კონსტიტუციის დებულებების თანახმად, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

დღეს კიევში მიმდინარე პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითადად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის წყვეტას ეხება. როგორც კონსტიტუციის ექსპერტი ანდრეი მახერა ამბობს, კრიტიკა ამ შემთხვევაში იურიდიულად უსაფუძვლოა, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელება კონსტიტუციურად არის უზრუნველყოფილი, მაგრამ პრაქტიკულად ვოლოდიმირ ზელენსკი „ბეწვის ხიდზე“ დადის: „ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი თავის პოსტზე მხოლოდ ომის გამო რჩება – არც მეტი, არც ნაკლები. მან ეს კარგად უნდა გააცნობიეროს და იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგეებს დაერიოს, უნდა შეეცადოს ისინი თავის ირგვლივ გააერთიანოს და შეამჭიდროოს“. საერთოდ, ცნობილია, რომ სხვადასხვანაირად მოაზროვნე ადამიანებთან თანამშრომლობა ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედების სტილი არ არის.

პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავის დაიმშვიდოს საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ჯერ კიდევ შედარებით მაღალია, მაგრამ შემცირების ტენდენციით. „რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის“ მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვით, პრეზიდენტი თითქმის 70%-იანი ნდობით სარგებლობს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსისადმი გამოხატული ნდობა, მაგრამ ბევრად ნაკლებია ვალერი ზალუჟნის რეიტინგთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ იმავე „რაზუმკოვის ანალიტიკური ცენტრის“ მონაცემებით, პრეზიდენტის მხარდამჭერებშიც სხვადასხვა აზრი შეიმჩნევა: პირველი ნაწილის ნდობა ძირითადად განპირობებულია ვოლოდიმირ ზელენსკის უკომპრომისო დამოკიდებულებით რუსეთთან მოლაპარაკებისადმი. დასავლეთმა საერთოდ რომ შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე მხოლოდ 18% თუ იქნება – ანუ, უმრავლესობის აზრით, კიევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს. მხარდამჭერთა მეორე ნაწილი (22%) დასაშვებად თვლის კონფლიქტის გაყინვას, მაგრამ რაიმე დათმობების გარეშე.

ნებისმიერი გარიგებისთვის რეალურ დაბრკოლებას წარმოადგენს არა იმდენად მომხრე თუ მოწინააღმდეგე ქვეყნის შიგნით, რამდენადაც მოლაპარაკებისათვის სანდო და საიმედო პარტნიორის ძიება. „მოლაპარაკება რომ წარმატებული იყოს, აუცილებელია ტანგოს რიტმში მოქმედება“, – ამბობს უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, – „სამწუხაროდ, სიტუაცია მართლაც პუტინისათვის მომგებიანი ხდება. და როცა ასეთი მდგომარეობაა, კრემლი რატომ შეჩერდება?“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ ტექნიკისა და საბრძოლო საშუალებების გამოყენების ამჟამინდელი ტემპი, ადრე თუ გვიან, აიძულებს ორივე მხარეს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დათანხმდეს, ალბათ, 2025 წლამდე. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პაუზა: ძალიან მცირე რწმენა არსებობს იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი იქნება – ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი იცოცხლებს: „კარგად ვიცით, თუ როგორ სძულს მას თავისუფალი უკრაინა. ჩვენ მისი ინტერესებისათვის ცუდი მაგალითი ვართ“.
მაგრამ ბევრი უკრაინელისათვის რუსეთის ხელისუფლების შეცვლამდე მოლოდინი უკვე აუტანელია. ისინი ჩივიან, რომ უკრაინის მთავრობას რიგითი მოქალაქეების მდგომარეობა ავიწყდება. „თუ პუტინის სიკვდილს დაველოდებით, მაშინ ბრძოლის ველზე ყველა ჩვენი შვილი, ჩვენი ახალგაზრდა დაიღუპება… თუ სხვა ვარიანტი არ არის, მაშინ უმჯობესია მოლაპარაკება დავიწყოთ“, – ამბობს ერთ-ერთი ასაკოვანი მოქალაქე.

წყარო: