![vvv](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/vvv.png)
გამოხატულია საკმაოდ სისუსტე, მაგრამ კრიტიკული სასიცოცხლო ცვლილებები დაწყებული არ არის. მეტყველებს ჩვეულებრივად, ცოტა შენელებულად, ყველანაირად კარგად აზროვნებს. გადაადგილებაც შეუძლია, თუმცა ნელა. ორგანოების უკმარისობა დაწყებული არ არის , – ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლი მზია ამაღლობელის „ვივამედში“ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მოინახულა.
გიორგი გვილიას განცხადებით, კლინიკაში მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა, თუმცა ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ „ვითარდება ცვლილებები, რომლის მერეც თუნდაც ძალიან მაღალი დონის ჩარევა, ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ“.
„მდგომარეობა არ არის მარტივი, დასაფიქრებელია. დოკუმენტაციას გავეცანი და კიდევ უფრო მძიმედ იყო საავადმყოფოში გადმოყვანამდე. კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა. ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისათვის, რომ შიმშილობამ მალე არ გამოიწვიოს მძიმე შედეგები. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომლებიც დროულად, ადეკვატურად და კარგად მკურნალობენ. მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი, საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ ეს გარედან მოხმარება აღარ იქნება საკმარისი. ადამიანი არ არის ისეთი მარტივი მექანიზმი, რომ რაღაც დააკლდეს, შეავსოს და მერე ამან იმუშაოს. შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ. ძვრები ბევრნაირია: გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ღვიძლში, თირკმელში, ფილტვში, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ცვლილებები, რომლის მერეც თუნდაც ძალიან მაღალი დონის ჩარევა, ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ“, – განაცხადა გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ.
ინფორმაციისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.