„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში”- სუბარი

62
spot_img

„ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, რეალობა არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო ოპოზიცია ტყუილებზე აგებს თავის ქმედებებს და ყველანაირად ცდილობს, საქართველოს ავნოს და სანქციების რეჟიმში მოაქციოს.

„ორ სამყაროში ვცხოვრობთ ერთდროულად – აღქმებისა და ფაქტების სამყაროში. ფაქტების სამყარო არის ის, რაც დაიწერა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომ საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი, რომ საქართველო 100%-ით იცავს და შეესაბამება დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოში არ ფიქსირდება ამ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი შემთხვევა. მეორე მხრივ, ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავნოს სახელმწიფოს ინტერესებს და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო მოაქციონ სანქციების რეჟიმში.

ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრობა და ამის მიზანი არ არის უბრალოდ ის, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, ამით ეკონომიკური ზიანი მივიღოთ, ხალხი გაღარიბდეს და შემდეგ თავიანთი რევოლუციური სცენარების განხორციელების საშუალება მიეცეთ. რეალური მიზანი არის ის, რომ ამით საქართველოსთვის დაიკეტოს ევროკავშირის კარი. ოპოზიციის მიზანია, ვერ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ეს კარი დაიკეტება, შემოდგომაზე ისინი მოახდენენ საქართველოში არეულობასა და რევოლუციას. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო საიმისოდ, რომ ასეთ აღქმებში არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს მეტი ყურადღება. თუმცა ქართველმა ხალხმა საკმაო გამოცდილება მიიღო იმისთვის, რომ ასეთი აღქმებით არ იცხოვროს და ფაქტებს მიაქციოს ყურადღება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.