ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ასევე სამოქალაქო აქტივისტები 19 ივლისს აქციას აანონსებენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს აღიარებენ და უარს აცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
მოგესალმებით, ჩვენ, აქ შეკრებილი რვა პოლიტიკური პარტიის (და სამოქალაქო ორგანიზაციების) წარმომადგენლები: ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას; კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის „არჩევნებად“ წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე; ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა; მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას; „ქართული ოცნება“ ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;
ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს; ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც; სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;
ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! უარი რუსულ სპეცოპერაციას! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არის გავრცელებული.