ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს – ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არაადეკვატურია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიღებასაც ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.
ვოლსკი ამ ინიციატივას პროვოკაციის მცდელობად განიხილავს.
„საერთოდ, ადრეც ვთქვი და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან სულ მცირე არის პროვოკაციის მცდელობა მუდმივად, რომ რაღაცას წარმოადგენენ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები იმ დიდ პოლიტიკაში, იმ ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამარტო ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები არ არის ადეკვატური და მინდა ერთიც გაგახსენოთ -2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება, დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან, ინფრასტრუქტურით დამთავრებული და მას მერე ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იქნა შემჩნეული,”- განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, პარტია „საქართველოსთვის” წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ დეპუტებტმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროექტის თანახმად, რომელიც დეპუტატებმა უკვე მოამზადეს, პარლამენტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას შავი ზღვის ფართე რეგიონისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის.