ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როცა დამსახურების პრინციპებიდან გადახვევა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. მათთან ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ და ამის საპასუხოდ, კეთილსინდისიერად გავიტანეთ გარკვეული ცვლილებები, მივიღეთ სხვადასხვა სახის აქტები. ვფიქრობ, ეს ევროკომისიის შეფასებაში შესაბამისად აისახება. რაც შეეხება დეკემბერში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, რამხელა შეცდომა და უსამართლობა დაუშვა შარშან ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როცა დამსახურების პრინციპებიდან გადახვევა ხდება. შარშან თუ ვინმე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველო საკუთარი მიღწევებით აბსოლუტურად ყველა სფეროში. საქართველოს თუ შევადარებდით უკრაინასა და მოლდოვას, არ არსებობს სფერო, სადაც საქართველო არ იყო და არ რჩება ლიდერად. შარშან ლიდერი ქვეყანა დაიჩაგრა. რა თქმა უნდა, ეს იყო ევროპული ღირებულებებიდან გადახვევა. შეხვედრებიდან, რომლებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქში მქონდა, დარწმუნებული დავრჩი და ვიცი, რომ ეს შეცდომა ბევრმა გაიაზრა.
იმედი მაქვს, ამ ჯერზე 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება დღემდე, მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირებიდან გამომდინარე, ცდილობენ, პროცესი ჩაშალონ. სწორედ ასეთი პროცესის ნაწილია ოპოზიციაც, რომელიც წელიწად-ნახევარი ზუსტად ამას აკეთებდა. შარშან, ივნისში მათ წარმატებას მიაღწიეს იმით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩაშალეს. ვნახეთ, რატომაც უნდოდათ ჩაშლა. მათგან ამ გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა აქციები, სადაც დააანონსეს, რომ მთლიანად ხელისუფლებას წალეკავდნენ. მაშინ მათ სათანადო პასუხი გასცა ხალხმა, რომელმაც დაინახა, რომ ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ ევროპასთან, ევროპულ ღირებულებასთან. ერთადერთი, რაც მათ უნდათ, აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდათ, ძალაუფლების დაბრუნება სურთ, რათა ჩაგვრის, წამებისა და ადამიანის ღირსების შელახვის სისტემა დააბრუნონ. ეს არის, რაც ესიზმრებათ და ელანდებათ დღისით და ღამით. მცდელობები დღესაც არის. ვხედავთ, რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელიც ცდილობს, ამ გემიდან გაიქცეს, თუმცა თავად ამის მონაწილე იყო, როცა მაჩანჩალად წარმოაჩენდა ქვეყანას, რომელიც ლიდერია არა მხოლოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, არამედ მთლიანად რეგიონში. შეხვედრებზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ქვეყანას მაჩანჩალად და მის ხელისუფლებას ლამის დიქტატორად წარმოაჩენდნენ. ახლა ცდილობენ, ამ გემიდან გაიქცნენ, ვინაიდან ხვდებიან, რომ ისინი აგებენ და ქართველი ხალხი იგებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.