ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წევრებს სადეპუტატო კითხვებს უგზავნის – დეტალები

38
spot_img

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს და ამ საკითხზე სადეპუტატო კითხვებს მთავრობის წევრებს უგზავნის.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ ისაუბრეს.

როგორც მათ აღინიშნეს, კითხვები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს გაეგზავნებათ.

დეპუტატები განმარტავენ, რომ „ჯორჯიან ეარვესი” და ავიაციის სამოქალაქო სააგენტო დამოუკიდებლად მოლაპარაკებების წარმოებას ვერ შეძლებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ვინ და როდის აწარმოა ეს მოლაპარაკებები.

„ფაქტია, ამ მოლაპარაკებებში განხილული იყო ტექნიკური უზრუნველყოფა, უსაფრთხოების საკითხები აეროპორტებში, დრო, როცა უნდა შესრულებულიყო პირველი რეისი. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ასეთი საკითხი გადაწყდა გაიაშვილის და სამოქალაქო სააგენტოს დონეზე. ამიტომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და ღიად გვითხრას ქართველ ხალხს, რა მოლაპარაკებებშია რუსეთთან და რა არაფორმალური არხები გამოიყენეს. ფაქტია, ლავროვის შვილი „ეფესბეს“ დაცვის გარეშე არ დადის, ფაქტია, რომ იყო ეს წინასწარი შეთანხმება, რომ ლავროვის შვილი ჩამოვიდა, ფრენები აღდგა. ყველაზე უფრო საზიანოა ტვირთების გადაზიდვის ახალი მარშრუტის დაგეგმვა, რომელიც მოლაპარაკებების საგანია”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა ღიად იკვეთება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

„აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი გასცეს საზოგადოებას როგორ ახდენს სახელმწიფოს მიტაცებას დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ, როგორ იყო ის, რომ პრემიერი ეახლა ბატონ გაიაშვილს, სანამ ფრენები აღდგებოდა, როგორ შემოდის სანქცირებული ლავროვის შვილი ქვეყანაში და საერთოდ, როგორ აპირებს ეს ხელისუფლება საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და გავაღწიოთ ევროპულ ოჯახში მშვიდობიანად. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ რისი სურათიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა აქუბარდიამ.

„ლელოს” დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლაპარაკებებს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოქალაქეების და პარლამენტისგან დაფარულად აწარმოებს, რომელიც პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია.

„ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია და ამას ემსახურება სადეპუტატო კითხვების გაგზავნა, რომელზე პასუხიც სამართლებრივად სავალდებულოა და პასუხის არ გაცემა იწვევს პასუხისმგებლობებს, მათ შორის, ეს შეიძლება დასრულდეს იმპიჩმენტით. ამიტომ ვითხოვთ პასუხებს – როდის, რა მანდატით და რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვინ არის მასში ჩართული? საქართველოს სუვერენიტეტს ემუქრება სერიოზული საფრთხეები და ვითხოვთ პასუხებს კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აქვს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატები განმარტავენ, რომ დაელოდებიან კითხვებზე პასუხებს, რის შემდეგაც განიხილავენ ასევე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას.