“ოპოზიციის გაერთიანება გამორიცხულია” – სოსო ცინცაძე

749
spot_img

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს. აღნიშნულ განცხადებაზე საუბარი პოლიტიკურ სპექტრში უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. „ლელოს“ ინიციატივას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ წითელი ხაზები მათთვის არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ არსებობს.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის” იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე დაბრკოლების – „ქართული ოცნების” ჩამოშორება, რომ წითელი ხაზები არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გვაქვს. თუ გამარჯვების ინტერესი გვიბიძგებს რომ ვიყოთ კოალიციაში – ვიქნებით, თუ საჭირო იქნება რომ გავიდეთ მარტო – გავალთ მარტო. საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, „სტრატეგია აღმაშენებელი” არის ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე და არა ერთიანობის, რომ ერთიან სიაში ჩავეწეროთ ყველა. “, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“ოპოზიციიდან ვინმეს საარჩევნო ბარიერის გადასალახად თუ სურს გაერთიანება, წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება,” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს.

„ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სისტემური კოალიცია გამორიცხულია, რადგან ორივე არიან წარსული და წარსულის წარსული. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, თუ ვინმეს გაერთიანება იმიტომ უნდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენს გზას მივყვებით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში” თავის მხრივ აცხადებენ, რომ წვრილ ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას სთავაზობენ და არა პარტიულ გაერთიანებას, ან ერთიანი სიის ფორმირებას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, აქვს 35%-ზე მეტი რეიტინგი, რაც დადგენილია საარჩევნო შედეგებით, აქვს გამოცდილება მუნიციპალურ არჩევნებში დიდ ქალაქებში გამარჯვების, ამიტომ პატარა, 2-3-4 პროცენტიან პარტიებს ვთავაზობთ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანებას და „ქართული ოცნების” იგივე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამიტომ მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოხდეს კონსოლიდაცია საერთო იდეებზე, საერთო სტრატეგიაზე. ეს მათი გადასაწყვეტია,“- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და „რადიკალური ოპოზიცია“ კიდევ ერთხელ დამარცხდება.

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებს და რა შედეგებს მოიტანს ეს? ამ და სხვა საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა:

– ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას გამოვრიცხავ. ქართული ოპოზიცია თავისი არსებობის არც თუ მრავალწლიან ისტორიაში არასოდეს გაერთიანებულა. ჯერ წინაპირობები, რაც აუცილებელია პოლიტიკური ერთობისათვის, საქართველოში არ არსებობს. შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ახალი თაობა ამას მოესწროს. ოპოზიციის განცხადებებიც არაფრის მომცემია. ყველაზე ნეიტრალური განცხადებები ის არის, რომ – „მე არავისთან გავერთიანდები”. ამიტომ მათი გაერთიანება გამორიცხულია.

– “ნაციონალური მოძრაობა” თუ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას, შიდა დაპირისპირების ფონზე?

– კი, ამას ნამდვილად შეძლებს, მითუმეტეს, სააკაშვილის განცხადების შემდეგ ( პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ). ამ განცხადების ერთადერთი ეფექტი შეიძლება იყოს ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეინარჩუნოს საკუთარი ბირთვული ელექტორატი. თუმცა, სააკაშვილის ეს განცხადება მისთვის, დიდი ალბათობით, სიკეთის მომტანი არ იქნებოდა. სააკაშვილის გათავისუფლების ამა თუ იმ ფორმის მთავარი წინა პირობა რა არის?  „ოცნებას“ სურს დარწმუნდეს, რომ სააკაშვილი მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. აი, მაშინ შეიძლება ის გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ. მაგრამ, როცა სააკაშვილი ისევ ამბობს, რომ “მე ისევ თქვენი პოლიტიკური მტერი ვარ”, “ისევ უნდა დაგამარცხოთ”, – მაშინ რა აზრი აქვს, რომ “ოცნებამ” სააკაშვილის ან ჯანმრთელობაზე, ან მის გათავისუფლებაზე იფიქროს. ამიტომ, სააკაშვილის ნათესავები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმაზე საუბარს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. დღეს კი მთავარია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შენარჩუნება. მისი ეს განცხადება, მიმართულია იმისკენ, რომ პარტიას როგორმე შეუნარჩუნოს სტიმული, იდეა და ერთიანობის მექანიზმები. თუმცა, ეს საკმარისი არ იქნება.

– მაშინ როგორ შეიძლება მმართველი გუნდის შეცვლა, ან საერთოდ შეიცვლება მომავალ არჩევნებზე ხელისუფლება?

– ვფიქრობ, რომ მომავალ წელს “ოცნება”, ამა თუ იმ ფორმითა და საშუალებით ხელისუფლებას შეინარჩუნებს. იმიტომ კი არა, რომ ის ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ მისი მოწინააღმდეგეები სუსტები არიან. მათზე უფრო უუნაროები და დაქსაქსულები არიან. პარტიები უნდა გაერთიანდნენ ყველაზე ძლიერის გარშემო – ეს ხომ დიალექტიკაა. აქ პირიქითაა, ყველას უნდა რომ მის გარშემო გაერთიანდნენ. ვერ წარმომიდგენია 2%-იანი რეიტინგის მქონე პარტიას, რად უნდა მიუერთდეს 15-20% -იანი რეიტინგის მქონეს. უფრო ლოგიკური იქნებოდა პატარები მიერთებოდნენ დიდ პარტიებს. მაგრამ ყველა პატარა პარტიას დიდი ამბიციები აქვს, ისინი თავს მოიაზრებენ ერთადერთ „მესიად“ – გადამრჩენელად. ეს რბილად, რომ ვთქვათ არარეალისტურია.

 

/ ნინო ოთარაშვილი /