ოპოზიციის აქციაზე ცოტა ხალხი იმიტომ არის, რომ აქციებს ტყუილზე აფუძნებენ. ყალბ პროტესტს გასაქანი ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მასობრივი პროტესტი მაშინ იარსებებს, როცა ამას რეალური საფუძველი აქვს.
„თქვენი აზრით, ოპოზიციის აქცია რატომ იმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან და არა – წინა მხარეს? ცოტანი არიან და ამიტომ არიან უკან. ბევრი ხალხი ვერ შეკრიბეს წინა მხარეს, რადგან ტყუილს საზოგადოება არ აჰყვა და არ აჰყვება. ტყუილ ნარატივზე დაფუძნებული პროტესტი ვერ იარსებებს. მასობრივი პროტესტი მაშინ იარსებებს, როცა ამას რეალური საფუძველი აქვს. რაც არ უნდა სატელიტი „ენჯეოები“ და ტელევიზიები დაეხმარონ, პროტესტი ხელოვნურად იშვიათად ხდება, თუმცა ამ ქვეყანაში ხელოვნური პროტესტიც გვინახავს საუკუნის აფიორიდან გამომდინარე. მაგალითად, აგენტების კანონს „რუსული კანონი“ რომ დაარქვეს. ამერიკული კანონი რუსულ კანონად მოინათლა და რამდენიმე ათასი ადამიანი ამის გასაპროტესტებლად იყო გამოსული. ეს ფაქტი შედგა, ამ ადამიანების მოტყუება შეძლეს. ცოტა ხალხი იმიტომ არის, რომ აქციებს ტყუილზე აფუძნებენ. ყალბ პროტესტს გასაქანი ვერ ექნება, რადგან ეს ყველაფერი სიცრუეზეა დაფუძნებული. ამ ადამიანებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუბლებით დაფინანსებული ადამიანი და შეიძლება, ამ ადამიანმა ვინმეს რუსი დაარქვას? ეს შეუძლებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.