“ოპოზიციაში საუბარი არ არის იდეებსა და მიზნებზე” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

83
spot_img

ოპოზიციაში საუბარი არ მიმდინარეობს იდეებზე, სურვილებსა და მიზნებზე, ამიტომ, არ მჯერა ამ გაერთიანების, დროის, ფულისა და ადამიანური რესურსის ფუჭი ხარჯვა იქნება, ასეთ აქტივობაში მონაწილეობას ჩვენ არ მივიღებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„როგორც ვხედავ, ხალხი, ვისაც ფული აქვს, არ ვიცი, ეს კეზერაშვილის ფული იქნება, თუ ჯაფარიძის-ხაზარაძის, ეუბნება სხვა პოლიტიკოსებს, თუ ფული არ გაქვთ, მოდით ჩვენთან, გაერთიანდით და ჩვენ ვიქნებით მთავარი ძალა, რაც, უბრალოდ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკასთან, რადგან გაერთიანება მარტო ფულის გამო ხომ არ ხდება. ფული პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რამე იდეები, სურვილი, მიზნები ხომ უნდა ჰქონდეთ. აქ კი ამაზე საუბარი არ მიდის. ამიტომ, არ მჯერა ამ გაერთიანების. მგონია, რომ დროის, ფულისა და ადამიანური რესურსის ფუჭი ხარჯვა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ აქტივობაში მონაწილეობას არ მივიღებთ.

ჩვენ, პირიქით, ვეძებთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლების საჯაროდ გაჟღერება და მისი დაცვა დისკუსიებში. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკოსების ნამდვილი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ თუ ვიპოვით ასეთ ადამიანებს, სულ მცირე შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, აქვს თუ არა აზრი რაიმე ტიპის გაერთიანებას. ხოლო „ლელო“ როგორ დახარჯავს ფულს, საბოლოოდ მათი საქმეა. მაგრამ, ჩემი აზრით, იმდენად არაეფექტურია ეს ხარჯვა, რომ უკეთესი გამოყენებაც შეგვიძლია, ვუპოვოთ. ან უბრალოდ შეიძლება, პოლიტიკიდან წავიდნენ და ეს ფული სხვა პარტიებს დაუტოვონ, რომ არავის ჰქონდეს პრეტენზია. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა უნდა „ლელოს“ და რა მიზნები აქვს საბოლოოდ. რაზე ხარჯავენ ფულს, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, „მამუკა ხაზარაძეს, გიორგი ვაშაძეს, ან ზურა ჯაფარიძეს თუ ცალ-ცალკე არ გამოსდით საქმე და ისინი ერთად დააყენო, კიდევ უფრო უარესი იქნება“.

„თუმცა, გამიხარდება, თუ ისინი გაერთიანდებიან, ნაკლები კონკურენტი გვეყოლება. არაფერ შუაში არ არის ასეთი მექანიკური გაერთიანებები, ფულის ირგვლივ არის და პოლიტიკოსები დარბიან, ფულიან პარტიებს ეძებენ, ვისთან გაერთიანდნენ. ამომრჩეველი იმით კი არ უნდა მოხიბლო, რომ აი, ფული გვაქვს და კარგ რეკლამას გაგიკეთებთ, უნდა მოვხიბლოთ რაღაც იდეით, რომლის განხორციელებაც ამომრჩეველს მოუნდება. ამიტომ, მთელი ეს აქტივობა, რომელიც ახლა ხდება, სინამდვილეში მე კი მაწყობს, პოლიტიკურად, მაგრამ „ქართული ოცნების“ დამარცხება თუ არის მიზანი, მაშინ ეს ზოგადად ასუსტებს ოპოზიციას“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.