ოპოზიცია ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „ედისონ რისერჩის” კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
„გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის” მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინასაარჩევნოდ შექმნას გაყალბებული აღქმა ოპოზიციის ფართო ელექტორალური მხარდაჭერის შესახებ. ვინაიდან, როდესაც 26 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ჰქონდეთ საფუძველი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.
კვლევა იმდენად კომიკურია, რომ შეუძლებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. მაგრამ ერთ პუნქტს მაინც გამოვყოფდი, რომლის თანახმად: ოპოზიცია, ედისონ რისერჩზე დაყრდნობით, ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ აბსურდია. არასოდეს ომის იდეას მშვიდობაზე არ გაუმარჯვია. ასე იქნება ახლაც – 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება”, ხოლო ომის პარტია სასტიკად დამარცხდება”, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.