“ოპოზიცია ცდილობს, რომ ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს, ეს კატა იქ არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურად, ყველა ცვლილება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ესადაგება.
„9-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ხდება ანტიკორუფციულ კანონმდებლობაში, ასევე სპეციალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ხელმძღვანელს – ოპოზიცია ცდილობს, რომ ბნელ ოთახში შავი კატა იპოვოს, ეს კატა იქ არ არის. რეალურად, ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები გათვალისწინებული ამ რეგულაციებში, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტის შემოღებას გულისხმობს. მას შესაბამისი უფლებამოსილებები ეძლევა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების და სხვადასხვა მიმართულებებით. რაც შეეხება დამოუკიდებლობის ხარისხს, დამოუკიდებლობის ხარისხი იმთავითვე გათვალისწინებულია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კომისიური წესით არჩევის თვალსაზრისით, ასე რომ, ის საპარლამენტო სივრცეში იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სივრცეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც დამოუკიდებლობის ხარისხი არჩევის წესიდან გამომდინარეობს, რომელიც გამორიცხავს სუბიექტურ მიდგომებს ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.