“ოპოზიცია სუსტია და ბოლომდე ვერაფერი მიჰყავს, მათ შორის ვერც რევოლუციური გეგმები”-ირაკლი კობახიძე

67
spot_img

ოპოზიციას ბოლომდე ვერც რევოლუციური გეგმები მიჰყავს. შედეგი არის ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი თავიდანვე გზას ააცდინეს და შემდეგ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „გირჩის“ წარმომადგენლის, ცოტნე კობერიძის სიტყვებმა, რომ „ოპოზიციას პროცესები ბოლომდე არ მიჰყავს და უკან იხევს“, ის რევოლუციური გეგმა ამხილა, რაც ოპოზიციას ჰქონდა.

„გირჩელებს“ ერთი რამ ახასიათებთ – ხშირად წამოსცდებათ ხოლმე რაღაცები. ცოტნე კობერიძეს რეალურად წამოსცდა, თუ რა იყო მათი გეგმა. საზოგადოებამაც იხილა, რომ ცდილობდნენ ხელისუფლებისაგან მტრის ხატი შეექმნათ. ამის შემდეგ ადამიანები მოლოტოვების კოქტეილების სასროლად მოამზადეს და შემდეგ აღარ დაიცვეს. კონკრეტული ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩათ. ეს იმიტომ, რომ ოპოზიციამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ამით კობერიძემ ამხილა ის მარტივი გეგმა, რისთვისაც შარშან ბაკურიანში შეიკრიბნენ. როგორც კი სცენაზე დისკრედიტირებული ენჯეოები და პოლიტიკოსები აიყვანეს, ხალხი მაშინვე შემოეცალათ. ოპოზიცია სუსტია და ბოლომდე ვერაფერი მიჰყავთ, მათ შორის ვერც რევოლუციური გეგმები. შედეგი არის ის, რომ ახალგაზრდა ადამიანი თავიდანვე გზას ააცდინეს და შემდეგ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვეს. მთავარია, სამომავლოდ ასეთი მოწყვლადი ახალგაზრდები პოლიტიკური ნაცმოძრაობის მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „გირჩის“ ტრენინგების დაფინანსებას სახელმწიფო ეწინააღმდეგება და იმედი აქვთ, რომ მომავალში „მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფები“ არ დაფინანსდებიან.

„გირჩის“ ტრენინგების დაფინანსება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ ჩვენი აზრი საერთაშორისო პარტნიორებთანაც დაგვიფიქსირებია. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ელჩის პირობებში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს აღარ დააფინანსებენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.