“ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილია” – ირაკლი კობახიძე

218
spot_img

ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუბიექტურია კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად, ის მმართველი ძალის რეიტინგსაც გააუმჯობესებს.

„ჩვენ გვაქვს სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლომდე მიკერძოებული ვართ ამაში, ძალიან სუბიექტურები ვართ, სუბიექტურად გვინდა, რომ მივიღოთ კანდიდატი სტატუსი, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, მარტივად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაამაგრებს, ჩვენ რეიტინგზეც აისახება და ა.შ. სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები. რაც შეეხება ოპოზიციას, დააკვირდით მათ რიტორიკას, მათი მედიასაშუალებების რიტორიკას, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, შესაბამისად, არ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი. ძალიან კარგად ჩანს ვის რა სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით. ჩვენ მიზეზი გვაქვს მივიღოთ და ზუსტად იმავე მიზეზის გამო, ოპოზიციას არ უნდა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად არის ეს ყველაფერი, დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები“,– განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია სუსტი კი არა, „მართლა დაშლილია“.

“კონკურენცია, რომელიც, ხაბეიშვილს, ლომჯარიას და სხვებს შორის არის, შიდაპარტიული კონკურენციაა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, ჩვენ ამაში არ ვერევით, რატომ უნდა ჩავერიოთ, რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირებები – ხაბეიშვილი, სხვებიც არიან, თვითონ სააკაშვილია ამ დაპირისპირების მონაწილე, იქ არის მელია, იქ არის უგულავა, ლომჯარია, რაც მეტი იქნება მათ შორის შიდა დაპირისპირება, მით უკეთესი, მათ შიდა საქმეებში არ ჩავერევით, პირიქით, მე მგონი, ძალიან კარგია შიდა დაპირისპირებები და მაქსიმალურად თავისუფლება უნდა მივცეთ. ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილია, მოშლილი, ჩაშლილი, ყველა სიტყვა უხდება მათ. თვითონ ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც მათი პატრონები აკეთებენ, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ დაგეგმვაში აბსოლუტურად უსუსურები არიან. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს, რატომ აგებენ „ნაცები“ ყოველ ჯერზე არჩევნებს. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ, ხაბეიშვილს წაართვას. შესაბამისად, მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში, მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როცა დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ, ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზე „ლელო“ და გახარია იყო. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცი“ საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი ასეთი პროექტიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება რომელიმე სხვა გვარი იყოს, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულ საზოგადოებას უბრალოდ ვერ შეასაღებ მას „არანაცად“ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მის გარშემო არიან შეკრებილი, ისინი არიან ჩვეულებრივი „ნაცები“, – განაცხადა კობახიძემ.