ოპოზიცია მხარს უჭერს ყველაფერს, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს – შალვა პაპუაშვილი

67
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იყენებს და მხარს უჭერს ყველა იმ თემას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „2018 წელს ოპოზიცია მოღალატეს ეძახდა ზურაბიშვილს, ახლა პოზიცია შეცვალეს, რაზე მიუთითებს ეს?“

„ოპოზიციას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ისინი მხარს უჭერენ ყველაფერ იმას, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს. დღეს ეს შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები, რომლებიც მან საკუთარი უფლებამოსილების დარღვევით განახორციელა; გუშინ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე სხვა მოვლენა. პანდემია, სხვადასხვა ტრაგედია, არცერთი თემა მათთვის არ არის მორალური ბარიერი, რომ ეს თემა ქართული სახელმწიფოს დასაზიანებლად იარაღად გამოიყენონ. იყენებენ ნებისმიერ თემას, რომლითაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება, დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში გამოჩნდა თემა, რომლითაც მათ შეუძლიათ, დააზიანონ ქართული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ამას იყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ დროისთვის „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ განაცხადეს.