ოპოზიცია აგრძელებს პოლარიზაციას საზოგადოებაში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. მარტის დღეებიდან მოყოლებული, კვლავ მიმდინარეობს „ბულინგი“ იმ სტუდენტებისა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესორების ლექციებს ესწრებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს იმ სტუდენტებისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელთა ლექციებს ესწრებიან უნივერსიტეტში.
„ოპოზიცია აგრძელებს პოლარიზაციას საზოგადოებაში, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. მარტის დღეებიდან მოყოლებული, კვლავ მიმდინარეობს „ბულინგი“ იმ სტუდენტებისა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენელი პროფესორების ლექციებს ესწრებიან. ამის მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრი იყო სხვადასხვა უნივერსიტეტში. იგივე გრძელდება დღესაც. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, პავლე კახიძე, კეზერაშვილის ცოლისძმის, დიმიტრი ჩიქოვანის, და „გირჩის“ სამიზნე გახდა. სტუდენტმა ოპოზიცია ამხილა თაღლითურ გეგმაში, თუ როგორ სურთ კობახიძის ლექციების ჩაგდება და ამისთვის სტუდენტების დისკრედიტაციას ეწევიან. ასევე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის საერთო „ჩათში“ მუდმივად ხდება იმ სტუდენტების შეურაცხყოფა, რომლებმაც მარტის დღეების შემდეგ არ დატოვეს ლექციები. ასეთ სტუდენტებს „რუსებსა“ და ჩამორჩენილებს უწოდებენ.
„ფეისბუქ გვერდზე“ პავლე კახიძის ღია მხილებას მოჰყვა შტურმი და ენით აღუწერელი შეურაცხყოფა ოპოზიციის მხრიდან.
მინდა, მივმართო ოპოზიციის მესვეურებს – კეზერაშვილს, „გირჩს“ თუ ყველას, ვინც ამ სისაძაგლეს სჩადის: 2024 წლის არჩევნების შემდეგ არ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება? ისევ ხომ ამ ახალგაზრდებთან ერთად მოგიწევთ არსებობა და რა სინდისით უნდა განაგრძოთ მათთან თანაცხოვრება? მით უმეტეს, თქვენი არჩევნებში დამარცხება ამ ახალგაზრდებს სითამამეს შემატებს და ისევ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ იგივე არ მიიღოთ მათგან. ნუთუ, ვერც ოჯახი და არც საზოგადოება, სადაც ხართ, ვერაფერ ღირსეულს ვერ გასწავლით?
მივმართავ უცხო ქვეყნის ელჩებს საქართველოში და მთელს დემოკრატიულ სამყაროს: ასეთი ქმედება რომელ დემოკრატიულ პრინციპში წერია, იქნებ მიგვითითოთ და თუ არ არსებობს, მაშინ ხმა აიმაღლეთ ამ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ნუ იქნებით მშვიდად, დღეს ჩვენი ქვეყანაა ამ ეპიდემიის ქვეშ, ხვალ – აუცილებლად თქვენ იქნებით. ასეთივე ბინძური „ბულინგი“ იქნება თქვენს განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებისა, თუ პროფესორ-მასწავლებლების მიმართ. ასე გახლეჩენ ახალგაზრდობას და საზოგადოებას თქვენს ქვეყნებშიც. ჩვენ ამას გავუძლებთ, ვერანაირი ფაშიზმი ვერ იზეიმებს საქართველოში, მაგრამ თქვენთან, შესაძლოა, ამ პროცესებმა გამოუსწორებელი კვალი დატოვოს.
და ბოლოს, მივმართავ ოპოზიციის ბინძური „ბულინგის“ ქვეშ მყოფ სტუდენტებს, ახალგაზრდებს: თქვენ ღირსეული თაობა ხართ! ტყუილად ვნერვიულობთ, რომ თაობა წაგვართვეს, მოგვიწამლეს და გადაგვიგვარეს. სანამ თქვენი სიტყვა ხმამაღლა ისმის, სამართალი ყოველთვის იზეიმებს!
არავის გთხოვთ პოლიტიკაში ჩარევას, ამ ბრძოლას ჩვენს თავზე ვიღებთ. მაგრამ თუ გადაწყვიტეთ სამართლიანობისთვის ღირსებით იცხოვროთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ასეთი გველეშაპი ბევრი შეგხვდებათ ცხოვრებაში. ისტორიას კი არ ახსოვს ოდესმე მათი გამარჯვება.
ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ბინძურ შემოტევას უძლებთ, გვეამაყებით. გთხოვთ, არ გაჩუმდეთ და არ დანებდეთ. სტუდენტობა ის ძალაა, რომელიც მთებს ძრავს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ჭეშმარიტი ღირებულებებით იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.