“ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება” – თამარ გაბუნია

87
spot_img

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ონკოპაციენტი ბავშვის დაფინანსების საჭიროება დადგა, მეტი რესურსი გამოიყოფა, რათა მათი საჭიროებები სრულად დაფინანსდეს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, არცერთი ის ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა, რომელთაც უცხოეთში სჭირდებათ მკურნალობა.

„ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში, თუ მათ უცხოეთში სჭირდებათ მკურნალობა, რეფერალური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ამ მკურნალობის შესაძლებლობას, თუმცა ნაწილობრივ ხდება მაინც იმ თანხების დაფარვა, რაც ბავშვებს სჭირდებათ. 300, რა თქმა უნდა, არის პროგნოზული, პირობითი ციფრი, თუ მეტი საჭიროება იქნება, მეტი რესურსი გამოიყოფა იმისთვის, რომ ბავშვების საჭიროებები დაკმაყოფილდეს სრულად. ეს მექანიზმი, რომელიც ახლა შემუშავდა ითვალისწინებს წინასწარ კლინიკების შერჩევას, მათთან შეთანხმების გაფორმებას, რომ ბავშვები იქნებიან იმ კლინიკებში გაგზავნილი. რა თქმა უნდა, კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტს, ამ პროგრამაში რომ მოხვდეს. წინასწარ არ მინდა კლინიკების დასახელება, რადგან შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბავშვების საჭიროება არის მთავარი, ფინანსური რესურსი, ამ შემთხვევაში, არის მეორეხარისხოვანი, როცა საქმე ეხება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას. მთავარია, გვქონდეს გარანტირებული შედეგების საფუძვლები. ამრიგად, ის, რომ ჩვენ დღეს პროგნოზულად, სავარაუდოდ, სამას შემთხვევაზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ბავშვი დარჩება ამ პროგრამის მიღმა. არცერთი ბავშვი არ დარჩება ამ პროგრამის მიღმა და ერთიანი ჩარჩო – შეთანხმება, რომელიც გაფორმდება ამ კლინიკებთან, გაითვალისწინებს ამ ბავშვების საჭიროებებს. აქ არამხოლოდ სამედიცინო საჭიროებები იგულისხმება, არამედ ის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, როცა ბავშვი უცხოეთში ჩავა ოჯახთან ერთად. 300 არის პროგნოზული მაჩვენებელი ბიუჯეტური გათვლებისთვის. რამდენიც დაგვჭირდება, იმდენი დაფინანსდება“, – განაცხადა გაბუნიამ.