ომის 517-ე – რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში?

141
spot_img

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა

რუსული ძალები კიევს Shahed-ის დრონებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული მეექვსე თავდასხმაა მიმდინარე თვეში.

„საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ყველა საჰაერო სამიზნე დროულად იქნა აღმოჩენილი და განადგურებული კიევთან მიახლოებისას“, – აღნიშნა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

რუსულმა ჯარმა  243 ათას 220 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღევანდელი დღის მდგომარეობით, რუსულმა ჯარმა უკრაინაში უკვე 243 ათას 220 სამხედრო დაკარგა, მათ შორის 600 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

„ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარის 4174 ტანკი, 8131 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 4705 საარტილერიო სისტემა, 698 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 454 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 310 ვერტმფრენი, 3977 უპილოტო საფრენი აპარატი, 1307 ფრთოსანი რაკეტა, 18 ხომალდი/კატარღა, საავტომობილო ტექნიკა 7194 ერთეული და ავტოცისტერნა, სპეციალური ტექნიკის 703 ერთეული გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.