რუსეთი უკრაინას Shahed-ის დრონების გამოყენებით წუხელ კიდევ ერთხელ დაესხა თავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა თავდაპირველად მიკოლაივში გაისმა, შემდეგ კი – ოდესაში. საჰაერო ძალების ცნობით, მიკოლაივისა და ოდესის გარდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებში.
მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა ხანძარს საკმარისად სერიოზული უწოდა. „ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მუშაობენ“, – აღნიშნა მან.
40-მდე იერიში მიიტანეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზეც. იქ 252 აფეთქება მოხდა, დაიღუპა 2, დაშავდა 10 ადამიანი. დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობას ავრცელებს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაც. მათივე განცხადებით, შავ ზღვაში ოკუპანტების რაკეტმზიდების გააქტიურება შეინიშნება.
ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის საშიშროების გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში განგაში იყო გამოცხადებული.