რუსულმა ძალებმა ხარკოვს ერთ დღეში მესამედ შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ოკუპანტები კვლავ დარტყმას ახორციელებენ ხარკოვის ოლქზე. იყავით თავშესაფრებში!”- წერს სინეგუბოვი „ტელეგრამზე“.
მანამდე რუსებმა ხარკოვს С-300 ტიპის რაკეტებით ორჯერ დაარტყეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, ყველა მათგანი ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს თანამშრომელია.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.
ამასთან, გენშტაბის რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რის შედეგადაც დაშავებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, კომუნალური და ადმინისტრაციული შენობები, ასევე კერძო ავტომობილები.
რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.
„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.
ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა “საგანგებო ინციდენტის” გამო შეჩერებულია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობს.
აქსიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან განიხილა.
ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხიდზე ორი აფეთქება მოხდა.
ყირიმის ხიდს ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალების მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
“ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს “
ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
„ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა“, – განაცხადა გუმენიუკმა.
შეგახსენებთ, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა „საგანგებო ინციდენტის“ გამო შეჩერებულია. ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი, დედა და მამა, დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი – დაშავდა.