საფრანგეთის ტელეარხის France 5-ის ეთერში 6 სექტემბერს, საღამოს გადაიცა ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ, რომელიც მას შოუ C à vous-ის სტუდიაში, ტელეწამყვანმა ან-ელისაბედ ლემუანმა ჩამოართვა.
ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით „ომი უკრაინაში: ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები“ გამოქვეყნებულია როგორც ტელეარხის ვებ-გვერდზე, ასევე „იუთუბშიც“.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში და ევროკავშირში უკრაინის მიღებით რუსეთთან ომი არ დასრულდება. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გამოიწვევს აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ევროპულ ორგანიზაციაში – იმდენად, რამდენადაც უკრაინა სერიოზულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აშშ ბატონობს სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებზეც. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეწყდეს მცდელობა მშვიდობის მიღწევისათვის. ამ ომით მოგებულნი რჩებიან ვაშინგტონი და პეკინი“, – ამბობს ნიკოლა სარკოზი.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა, ფრანგ ჟურნალისტებს და ტელემაყურებლებს შეახსენა, რომ საომარმა მოქმედებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა უკრაინელები არიან.
„როცა ჩვენ, ფრანგები, უკრაინის ომს სენ-ჟერმენის ბულვარიდან ვუყურებთ, ყველა მაგრები და გაბედულები ვართ, ჩვენს მიერ კიევისადმი გაწეული დახმარებით კი უკრაინელებს დასაღუპავად ვწირავთ“, – აცხადებს ექს-პრეზიდენტი.
ნიკოლა სარკოზის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მშვიდობის განმტკიცებას ხელს ვერ შეუწყობს. უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა ნეიტრალური დარჩება და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით (ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის) მომგებიანად ისარგებლებს.
ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია.
საფრანგეთი უკრაინის მხარეზე უნდა იყოს, მაგრამ პარიზს, თავისი „განსაკუთრებული გზა უნდა ჰქონდეს, რომელიც აშშ-ზე სწორებას გამორიცხავს. ომი მომგებიანია ვაშინგტონისა და პეკინისათვის: პირველი სულ უფრო მეტ იარაღს, ენერგორესურსებს და მარცვლეულს ჰყიდის, მეორე კი, რუსეთთან ერთად, BRICS-ის წევრების მობილიზებას ახდენს და თავის ამბიციებს იკმაყოფილებს.
ამრიგად, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თავდაპირველი განზრახვა, რომ მოსკოვთან დიალოგი შეენარჩუნებინა, სავსებით სწორი იყო: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ომს მოწოდებებით „მეტი იარაღი! მეტი სიკვდილი! მეტი წინააღმდეგობა!“. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით“, – აცხადებს ნიკოლა სარკოზი.