ნებისმიერი ომი შეიძლება, სწრაფად დასრულდეს: ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან იმგვარად, რაც აშშ-მა გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ, რომ რუსული არმია მოძველებულია, მედვედევმა განაცხადა, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
„ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. ან თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს თავიანთი ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც, მაშინ შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.