გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს. ეს ძალიან რთული ამოცანაა და მსოფლიოში ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი და შეუძლებელი.
„ჩვენ გვყავს ძლიერი ვერაგი მტერი და ომი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს ნამდვილი მარათონია. ჩვენ კიდევ გვექნება მტკივნეული დანაკარგები და იმისათვის, რომ რუსები დავამარცხოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მთავარი გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, შარშან უკრაინას სჭირდებოდა იარაღი ოკუპანტებთან საბრძოლველად, ახლა „ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ის, თუ რას იგრძნობს ხალხი“.
„ჩვენი უპირატესობა მტერზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გრძნობს ხალხი. ეს არის ერთიანობა და ბრძოლისთვის მზადყოფნა”, – განაცხადა რეზნიკოვმა.