ოლაფ შოლცმა ილონ მასკს ტროლი უწოდა

26
spot_img

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ტროლი უწოდა.

„სოციალურ ქსელებში ბევრია, ვისაც ყურადღების მიპყრობა მკვეთრი ლოზუნგებით სურს. წესი ასეთია: ნუ კვებავ ტროლს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა შოლცს სულელი უწოდა.

„როგორც სოციალ-დემოკრატები, ჩვენ შეჩვეული ვართ იმ ფაქტს, რომ არსებობენ მდიდარი მედიამეწარმეები, რომლებიც არ აფასებენ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკას და არც მალავენ თავიანთ მოსაზრებებს, მაგრამ ამ საკითხში ახალი არაფერია. უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერის გამო გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა.

შოლცის თქმით, ამგვარ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მასკი მხარს უჭერს პარტიას, რომელიც პუტინის რუსეთთან დაახლოების მომხრეა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას ცდილობს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საიდუმლო არ არის, რომ კომპანია „ტესლა“ გერმანიის ელექტრული დამტენი სადგურების მთავრობის მხრიდან დაფინანსების წინააღმდეგი იყო.

მანამდე „ველტის“ სტატიაში მასკმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აღწერა, როგორც „ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზე“ მყოფი ქვეყანა და გააკრიტიკა იმიგრაციის, რეგულირებული ეკონომიკისა და განახლებადი ენერგიების გამო. „„ალტერნატივა გერმანიისთვის” ამ ქვეყნის იმედის უკანასკნელი ნაპერწკალია“, – დაწერა ილონ მასკმა.

მასკმა, რომელიც აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ მრჩევლად დანიშნა, ბოლო კვირებში რამდენიმე დამამცირებელი კომენტარი გააკეთა შოლცისა და გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიმართ. 20 დეკემბერს მაგდებურგში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მასკმა შოლცს – „არაკომპეტენტური სულელი“, შტაინმაიერს კი „ანტიდემოკრატიული ტირანი“ უწოდა. გერმანიის პრეზიდენტის ამგვარ დახასიათებას ოლაფ შოლცი არ ეთანხმება. „ფედერალური პრეზიდენტი არ არის ანტიდემოკრატიული ტირანი, გერმანია კი ძლიერი და სტაბილური დემოკრატიაა – მასკს შეუძლია, თქვას, რაც უნდა. გერმანიაში იმარჯვებს მოქალაქეთა ნება და არა ამერიკელი მილიარდერის აბდაუბდა განცხადებები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცმა თქვა, რომ ის თავად შეხვდა „ტესლას“ ხელმძღვანელს ერთხელ, 2022 წლის მარტში, ელექტრომანქანების მწარმოებელი ქარხნის გახსნაზე ბრანდენბურგში და მოკლედ ესაუბრა.