ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია “თანამდებობას” ტოვებს

10
spot_img

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია  თანამდებობიდან გადადგა.  მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“.

აფხაზეთის პარლამენტი გადადგომის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს.

ბჟანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა გადადგეს, 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.

“ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ”. – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა მხარეებმა 5 პუნქტიანი ხელშეკრულება დადეს. ერთ ერთი პუნქტის თანახმად ბჟანიას გადადგომის განცხადება ძალას კარგავს, თუ 19 ნოემბერს ე.წ. პარლამენტში მყოფი მომიტინგეები შენობას არ დატოვებენ.

ხელშეკრულების პუნქტები ასე გამოიყურება:

  1. რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტოვებს თანამდებობას;
  2. მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო კომპლექსი და მის გარშემო არსებული შენობები დაიკავეს 2024 წლის 19 ნოემბერს ბრუნდებიან სახლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბჟანია გადადგომის განცხადებას გაიწვევს;
  3. სახალხო კრება, იგივე აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი 2024 წლის 19 ნოემბერს ბჟანიას გადადგომის განცხადებას განიხილავს;
  4. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი ვიცეპრეზიდენტი ბადრა გუმბა იქნება;
  5. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუმბა თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქვაბს, მის ადგილს დაინიშნება ვალერი ბგანბა.

    სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

    15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.

    საპროტესტო აქციის გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდება დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაციაა. მიუხედავად ამისა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები დე ფაქტო პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.