ოკუპანტების მიერ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია

26
spot_img

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი ადეიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ალექსი ადეიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საკითხი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დააყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში