“ობიექტური შემფასებლისთვის ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს”- ალუდა ღუდუშაური

106
spot_img

გარეთ ახლა არის დღე საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? – რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი ხელის გულზეა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციიდან ყველა შესრულებულია დეპოლარიზაციის გარდა. ღუდუშაური ამბობს, რომ ამ პუნქტის შეუსრულებლობაში დასავლელი პარტნიორების როლსაც ხედავს.

„ვფიქრობ, ობიექტური შემფასებლისთვის, სრულიად ნათელი და ცხადი უნდა იყოს პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, გარდა ერთისა. ამას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კონგლომერატის ქვეშ ხოშტარია-ჯაფარიძის, ამ რადიკალი ჯგუფების წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანები პირიქით, პოლარიზაციას აღვივებენ და მათი მიზანია ქვეყანამ როგორმე სტატუსი არ მიიღოს, რათა ამ გზით გამოიწვიონ ქაოსი და არეულობა, იქნებოდა ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. გარეთ ახლა არის დღე ჩვენთან, საქართველოში, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს პირი, რომელმაც თქვას, რომ ღამეა, აქედან გამომდინარე, რა ვქნათ ჩვენ? – რაც რეკომენდაციების შესრულებას ეხება, ყველაფერი არის ხელის გულზე, შევაფასოთ ობიექტურად და ნებისმიერ შემთხვევაში დავინახავთ ამ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს.