აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, აღფრთოვანებულია თავისი პრეს-მდივნით – ქეროლაინ ლილითით – და არამხოლოდ მისი პროფესიული თვისებებით“, – წერს გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundschau) სტატიაში სათაურით: „ო, ეს ტუჩები…“: ტრამპი თავისი პრეს-მდივნის მიმართ ორაზროვან კომენტარებს აკეთებს“ (ავტორი – ინეს ალბერტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
მკაცრად კონსერვატიული, იდეოლოგიურად ერთგული, მახვილგონიერი და მიმზიდველი გარეგნობის ქალი – ასეთი კრიტერიუმები ჰქონდა დონალდ ტრამპს, როცა პირად პრეს -მდივანს არჩევდა. 27 წლის ქეროლაინ ლილითმა „გამოცდა“ იდეალურად ჩააბარა – იგი ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივანი გახდა თეთრი სახლის ისტორიაში. ასევე ჯერჯერობით იგი ერთადერთია, რომელიც პრეს-მდივნად რჩება პრეზიდენტის მეორე ვადის დროსაც. შეგახსენებთ, რომ ქეროლაინ ლილითმა თანამდებობა ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში დაიკავა და, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ახლაც კმაყოფილია თავისი 8 წლის წინანდელი არჩევანით.
რა თქვა ტრამპმა პრეს-მდივანზე, რომელიც შვილიშვილად ეკუთვნის
ტელეარხ Newsmax-ის წამყვანთან რობ ფინერტისთან ინტერვიუში დონალდ ტრამპი ქეროლაინ ლილითისადმი კომპლიმენტებში „დადნა“: როცა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა, „რას აფასებთ ყველაზე მეტად თქვენს პრეს-მდივანშიო“, პრეზიდენტს არ მოერიდა და პასუხი სწრაფად გასცა, თან აქცენტი გარეგნობაზე გააკეთა: „იგი ვარსკვლავი გახდა. ყველაზე მეტად მე პირადად ვაფასებ მის გარეგნობას, ჭკუა-გონებას და… ტუჩებს. მისი ტუჩები ტყვიამფრქვევით მოძრაობენ“, – ღიმილით თქვა დონალდ ტრამპმა. უეცრად მან მიმოიხედა: „ქეროლაინი აქ არის?“. „დიახ, აქ არის“, – დაადასტურა წამყვანმა. ტრამპმა უკვე სერიოზული ტონით განაგრძო: „იგი მშვენიერი ადამიანია და საუკეთესო პრეს-მდივანი, რომელიც ოდესმე რომელიმე პრეზიდენტს ჰყავდა“.
როგორი რეაგირება მოახდინა თვითონ ქეროლაინ ლილითმა 79 წლის პრეზიდენტის ნათქვამზე, რომელსაც იგი შვილიშვილად ეკუთვნის, ჯერჯერობით უცნობია. ზოგადად ყველამ იცის, რომ იგი პრეზიდენტის ერთგული მომხრე და თანამოაზრეა. ივლისში, მაგალითად, მან „ინსტაგრამის“ ქსელში ასეთი პოსტი განათავსა თავისი ხელმოწერით: „ექვსი თვე ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტთან ისტორიაში, მის გუნდთან ერთად“. ქეროლაინ ლილითი თავის უფროსს თავგამოდებულად იცავს ყველა საკითხში, მაგალითად, როცა პრეზიდენტმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა.
ქეროლაინ ლილითმა დონალდ ტრამპთან მეორედ მუშაობა 2024 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა იგი თავის საარჩევნო შტაბში მიიწვია. უფრო ადრე იგი კენჭს იყრიდა ნიუ-გემპშირიდან კონგრესის წევრად, მაგრამ დემოკრატებთან ბრძოლა წააგო. საარჩევნო კამპანიის დროს ქეროლაინმა გაიცნო თავისი მომავალი ქმარი, 59 წლის მშენებელი ნიკოლას რიჩო. წყვილს ერთი წლის ვაჟი ჰყავთ.
ცნობილია, რომ დონალდ ტრაპი არ ერიდება საჯარო განცხადებების გაკეთებას ქალთა გარეგნობაზე, მათ შორის თავისი ქალიშვილის ივანკას მიმართაც.
მოამზადა სიმონ კილაძემ