ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს უარი უთხრა ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადადებაზე

9
spot_img

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს უარი უთხრა ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე განაჩენის გამოცხადების გადადებაზე, რომელიც 10 იანვარსაა ჩანიშნული.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა, რომელიც ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე განიხილება, სააპელაციო სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ საქმე უნდა შეჩერდეს. ადვოკატის თქმით, ეს სიტუაცია უპრეცედენტოა. ბლანში ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს ივლისის გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმუნიტეტის შესახებ უნდა იცავდეს ტრამპს სისხლის სამართლებრივი დევნისგან.

მოსამართლემ ადვოკატს ჰკითხა არსებობდა თუ არა პრეცედენტი, რომ საპრეზიდენტო იმუნიტეტი გავრცელებულიყო არჩეულ, მაგრამ ჯერ არა მოქმედ პრეზიდენტზე, რაზეც ადვოკატმა უპასუხა, რომ „არა“.

მანამდე, მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა არჩეული პრეზიდენტის საქმეს, უარყო დონალდ ტრამპის წინადადება საქმის დახურვის შესახებ.

ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში ცნეს დამნაშავედ ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე როგორც მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.