ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

2
spot_img

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ეს პირველი შემთხვევაა ქალაქის ისტორიაში, როდესაც მოქმედი მერი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული.

ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ნიუ იორკის ფედერალური პროკურატურა უკვე ერთი წელია, იძიებს მერის რამდენიმე ახლო მრჩევლისა და თანაშემწის საქმეს, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხებში მერის მოადგილეც. ცოტა ხნის წინ კი თანამდებობიდან გადადგნენ ქალაქის პოლიციის უფროსი და სკოლების მმართველი.

მედიის ცნობით, 2023 წლის შემოდგომაზე ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტებმა ადამსი ერთ-ერთი საჯარო ღონისძიების შემდეგ გააჩერეს და სმარტფონი და პლანშეტი ჩამოართვეს.

მედია წერს, რომ პროკურატურა არკვევს ადამსის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებს, როდესაც ის 2021 წელს ნიუ იორკის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, შეუთანხმდა თუ არა ადამსის წინასაარჩევნო შტაბი თურქეთის მთავრობას არჩევნების წინ უცხოეთიდან უკანონო შემოწირულებების მისაღებად.

გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ნიუ იორკის მერი ზეწოლას ახდენდა სახანძრო სამსახურზე, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დაემტკიცებინა თურქეთის ახალი საკონსულოს მშენებლობა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გამოძიება მოიცავს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ისრაელს, კატარს, ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და უზბეკეთს.

ადამსი, ნიუ იორკის ისტორიაში მეორე აფროამერიკელი მერია. წარსულში ადამსი იყო პოლიციის კაპიტანი. საარჩევნო კამპანიის დროს ის ნიუ იორკში დანაშაულის შემცირებისა და აშშ-ის უმსხვილესი ქალაქის მართვაში პროფესიონალების დასაქმების პირობად დებდა.

თავად ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ბრალდება მის წინააღმდეგ იქნება „სრულიად ცრუ“. მერმა მიანიშნა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ნიუ იორკის მერის წინააღმდეგ ბრალდებები ოფიციალურად შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს.