ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა შექმნა

92
spot_img

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.

ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე. ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

„ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.

„საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.