ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს

70
spot_img

ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს.

ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს – „ირემი“ – საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის.

„როდესაც ვინმეს სჭირდებოდა საქართველოში დაედასტურებინა საკუთრებაში არსებული ამა თუ იმ კულტურული ფასეულობის ავტორისადმი მიკუთვნების ფაქტი, ამისათვის საჭირო იყო ძალიან გრძელი გზის გავლა. დღეს ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, რადგან შარშან შექმნილი და გახსნილი ირაკლი ფარჯიანის სახელობის მაღალტექნოლოგიური საექსპერტო ლაბორატორია ამა თუ იმ ნამუშევრის ავთენტურობას ადასტურებს. ლაბორატორიამ პირველი კვლევის შედეგი დადო და თქვა, რომ საქართველოში არსებობს ფიროსმანის ნამუშევარი“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კვლევა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ლაბორატორიაში ჩატარდა. ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია 2023 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიის შექმნის უმთავრესი მიზანია საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა.