ნიკო კვარაცხელიას დედა საქმის გადაკვალიფიცირებას და პროკურორის ჩამოშორებას ითხოვს

10
spot_img

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე , გენერალურ პროკურორს მიმართავს და საქმიდან პროკურორ გია შაიშმელაშვილის ჩამოშორებას, ასევე მუხლის შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

“რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტიურად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე” – წერს იზა ომაძე.

მისი თქმით, საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ პროკურორმა შაიშმელაშვილმა “საქმე დაშალა, კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე”.

იზა ომაძე გამთქვამს ეჭვს, რომ ამისთვის პროკურორმა “ძალიან დიდი ფული აიღო”.

“ბატონო პროკურორო, ეს ჩემი შვილია, ჩემი ნიკო, რომელიც ოთხი წლის წინ ქალაქის შუაგულში დაქირავებულმა მკვლელებმა, უსულო ახალგაზრდებმა დაგვიხვრიტეს. საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილია, ყოველგვარი ვადა ამოიწურა, მოთმინების ფიალაც გადაივსო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ პროკურორი შაიშმელაშვილი საქმიდან ჩამოაშოროთ და ამ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მისცეთ!

რადგან ამ ბატონმა პროკურორმა, ნიკო კვარაცხელიას საქმე ფაქტიურად ჩაფარცხა, რის და რა ფასად ალბათ ამას თქვენ უკეთ გაიგებთ ვიდრე მე.

საქმეში იყო თითქმის ყველა მტკიცებულება, კონკრეტული სახელები, სამუშაო ტელეფონები უამრავი მტკიცებულება რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ მან ეს საქმე დაშალა, კვალიფიკაცია შეუცვალა და ისე შემოდო თაროზე…

ეჭვი მაქვს, რომ მან და მისმა პატრონებმა ძალიან დიდი ფული აიღეს, სხვანაირად ადამიანი ასეთ ბოროტებაზე არ წავიდოდა, ვხედავ როგორ უბნელებს თვალს და გონებას დიიიიდი ფული მაღალჩინოსნებს!

ჰკითხეთ ვისი მითითებებით მოქმედებდა შაიშმელაშვილი!

მე შემიძლია გითხრათ რომ აუცილებლად დადგება ის დღე როცა ნიკოს მკვლელობის დამკვეთებს თავად მიუჯდება ბატონი შაიშმელაშვილი გვერდით! და არა მარტო შაიშმელაშვილი!

ისე არ გამწირავს უფალი ამ დღეს რომ არ მომასწროს…

ვიმეორებ და ათასჯერ გავიმეორებ, ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს თავის თაობას, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა იყო შეკვეთილი, თუ ვის მიერ ეს თქვენ უნდა დაადგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ თქვენ და თქვენი ხელისუფლება გამოდიხართ დამკვეთი, მე მინდა პირადად თქვენ დაინტერესდეთ ამ საქმით. თქვენი წინამორბედებისავით ნუ დაიდებთ და ნუ დაუტოვებთ შვილებს ცოდვას!

ბატონ ღარიბაშვილს მივმართე, ბატონ გომელაურს მივმართე, ბატონ შოთაძეს მივმართე, რეაგირება ნული, მხოლოდ ის აინტერესებდათ, რა სახის პროტესტის მობილიზება შემეძლო!

ჩამოაშორეთ ნიკო კვარაცხელიას საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი და გადააკვალიფიცირეთ საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა!

მთელმა საქართველომ იცის რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა!

არ დავნებდებით, არ გახდება ეს საქმე ხანდაზმული, ყოველი დღე 15 სექტემბერია ჩვენთვის!

ნიკო შვილო ჯერაც წამზომია ჩართული შენს საათზე, სულ დატოვებულ შენს სხეულს რომ მოპარეს ნამუსგარეცხილებმა დედი!

მთელი გულით ვითხოვდი თან უნდა გავატანო იმ ქვეყნად თქო და მიმტკიცებდნენ არ ჰკეთებიაო!

მერე ძალიან გამწარებული რომ მნახეს, ღამის 12 საათზე მოაწერინეს საქმის გამომძიებელს და სისხლიანი დამიბრუნეს იქნებ ადგილზე გული გამხეთქოდა დედი!

ასეთი ბოროტება სუფევს შვილო მას შემდეგ რაც შენ დაგვტოვე, მაგრამ ბოროტება ვერ გაიმარჯვებს დედი ვერა!

ველი ღიაობას თქვენგან ბატონო პროკურორო! გთხოვთ, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან!” – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/kate.kvara/posts/pfbid0FvKjkmq1EqsYN9ExKDCiWX7jvWeXNKgKTSghJMhLCPCscyrWdobvLijym6RR57K9l