ნიდერლანდები ადასტურებს, რომ უკრაინაში F-16 ავიაგამანადგურებლების ბოლო პარტია გაიგზავნა

7
spot_img

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 24 ერთეული F-16 ავიაგამანადგურებლის ბოლო პარტია კიევში გაიგზავნა. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს

უკრაინისთვის განკუთვნილი ბოლო ნიდერლანდური F-16-ები 26 მაისს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვოლკელის საჰაერო ბაზიდან ბელგიაში გაფრინდა, სადაც ისინი მიწოდებისთვის მომზადდება.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი F-16-ების გაგზავნის ცერემონიას პირადად დაესწრო.

„ეს ნოსტალგიური მომენტია, რადგან F-16-ები ათწლეულების განმავლობაში ჩვენი საჰაერო ძალების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ახლა, როდესაც F-35-ებზე გადასვლის შემდეგ მათ ვემშვიდობებით, უკრაინაზე უკეთეს დანიშნულების ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. რუსეთის ყოველდღიური საჰაერო იერიშების გამო, F-16-ები უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, ჩვენთვისაც შეაკავონ რუსული აგრესია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ F-16-ების გადაცემა არ ნიშნავს ქვეყნის მონაწილეობის დასრულებას „გამანადგურებელთა კოალიციაში“, რომელსაც ის დანიასთან და აშშ-სთან ერთად ხელმძღვანელობს.

სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა ხელს უწყობს გამანადგურებლების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ორგანიზებას უწევს პილოტების წვრთნას რუმინეთში, ევროპის F-16-ის სასწავლო ცენტრში (EFTC).