„ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო”- ლევან მაჭავარიანი

9
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, ამ მიზანს ისინი მაინც მიაღწევენ.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია ამას ელოდება. საგამოძიებო კომისია რაც მიმდინარეობს და ახლა, ვინც პირდაპირ ეთერში თვალ-ყურს ადევნებს, იქ უკვე ხედავს, თუ რა მჟღავნდება.

იქ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ, ომთან დაკავშირებით როგორი ქაოსი იყო, თუ როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირი ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი, არც გაუფრთხილებიათ მოქალაქეები. არც კოდორი ხეობაში, არც ცხინვალში, მიატოვეს და გაწირეს სასიკვდილოდ და ა.შ.

რა თქმა უნდა, იქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს, როგორც პარტია. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადავცემთ პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.