,, რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით, შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ეს პოლიტიკური რეჟიმი უნდა გასამართლდეს”- შალვა პაპუაშვილი

11
spot_img

ის რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით, შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ეს პოლიტიკური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. ამიტომ, ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები აქ ფრთხილად იყვნენ, რათა ეს არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

იგი საქართველოში ოპოზიციურ პარტიებზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ დავაანონსეთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს არის სწორედ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი, როდესაც სამართლებრივი მექანიზმებით არის შესაძლებელი, რომ პარტია, რომელმაც საქართველოში ჩაიდინა სისტემური დანაშაულები – შეგახსენებთ, „ოჩიგავას საქმეს საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ერთი წლის წინ მიიღო, სადაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ციხეებში შექმნილი იყო წამების სისტემა, სისტემური წამება იყო და ამას ქმნიდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია. ამიტომ, მე ცოტა მიკვირს, როდესაც ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. მე ერთ რაიმეს ვისურვებდი, რომ ყველა ვიყოთ ერთგული დემოკრატიული და სამართლებრივი მექანიზმების. სხვათა შორის, პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ, გაუქმდა მოლდოვაში. ასე, რომ ეს არის სამართლებრივი პროცესის ნაწილი. ჩვენ ვსაუბრობთ ღია პროცესზე სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები „უძღები შვილებივით“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკან დაბრუნდნენ.

„სინამდვილეში, ეს ტექნიკური დაშლები არაფერს ნიშნავს-ხოლმე. ისინი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან. მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, როგორც იდეოლოგია გასამართლდეს საქართველოში და ის რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით, შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ეს პოლიტიკური რეჟიმი გასამართლდეს. ამიტომ, ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები აქ ფრთხილად იყვნენ, რათა ეს არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ისაუბრა, ვინ შეიძლება იყვნენ მათი ოპონენტები.

„ჩვენ ოპონენტებს არ ვირჩევთ, არ ვარჩევთ. ეს საზოგადოების გადასაწყვეტია – ვინ, ვისი ოპონენტი უნდა იყოს. ერთადერთი ჩვენ რასაც ვამბობთ, კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს არის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ კრიმინალების ადგილი არ არის პოლიტიკაში, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ კრიმინალურ რეჟიმსა და პარტიაზე, რომელიც კრიმინალურ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებით, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. სხვა დანარჩენი სამართლებრივი პროცესია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.