არჩევნებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობაში“ მოსაზრებები გაყოფილია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება, ეს ხალხი გაერთიანდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პროცესები მიდის ისე, როგორც ვამბობდით. არჩევნებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობაში“ მოსაზრებები გაყოფილია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არ არსებობს საკითხი, რომელზეც შეიძლება, ეს ხალხი გაერთიანდეს. ბევრი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილმა, შეიძლება, არ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება; სად არის სუვერენიტეტის დაცვა და სად – მისი დაკარგვა; სად არის ოჯახური ღირებულებები და სად – ლგბტ პროპაგანდა. შესაბამისად, არჩევანი როგორც 2024-ში, ასევე 2025-ში თვითმმართველობის არჩევნების დროს გაკეთდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება პარტიების არჩევნებში მონაწილეობას და არმონაწილეობას, მაჭარაშვილის თქმით, „აქაც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონებიც არიან“.
„ერთიანი განცხადებაც კი ვერ გაუკეთებიათ. ესეც ხომ ნორმალურად უნდა გააკეთონ და თავიანთივე ამომრჩეველი არ დააბნიონ – „ნაცმოძრაობის“ რომელი ფილიალი იღებს მონაწილეობას და რომელი ფილიალი – არა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, რაც შეეხება კახა კალაძეს, ყველასთვის ცნობილია, რომ, დღეს არსებული ვითარებითაც კი, ის არის როგორც ლიდერი, მას კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს.
„არა მხოლოდ იმ გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, რაც ასევე საკმარისია, რათა კენჭი იყაროს და ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, არამედ მისი მიდგომებიდან გამომდინარე. შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ აქედანვე გადაწყვეტილია ეს საკითხი. უბრალოდ აქ საუბარი იქნება იმაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ ფილიალებმა თავადვე აღიარეს – ჩვენ არ გვინდა ამ ბრძოლაში რომ დავმარცხდეთო, „ნაცმოძრაობის“ დედა სათავო ოფისი ამბობს. მისი ფილიალები – „ლელო“ და „გახარია“ ამბობენ, კი, დავმარცხდებით, მაგრამ დაე, ბრძოლაში დავმარცხდეთო. ორივე მხარემ იცის, რომ დამარცხებული არიან. ვიღაც მიიღებს ამ დამარცხებულ ბრძოლაში მონაწილეობას, ვიღაც – არ მიიღებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.