„ნაცმოძრაობას“ და „ენჯეოებს“ კი არ ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ – სოზარ სუბარი

120
spot_img

ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც, ევროპის დედაქალაქებშიც – ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა ხდება საქართველოში: ყველამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ მათმა ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ – კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ – არჩევნები სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ მაინც ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ხშირად გვეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ უცხოეთში, უფრო მეტად უნდა გავაგებინოთ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობისა თუ ენჯეოების წარმომადგენლები ეუბნებიან, ეს არის ტყუილი. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოებს კი არ ჩაჰქონდათ და ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებდნენ და იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დღეს საქართველოში უცხოური აგენტურა კი არაა ხელისუფლებაში, არამედ ის ძალა, რომლისთვისაც სამშობლო და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას, რაც არ მოსწონს იმ ძალებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში იბრძვიან სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ამის ნათელი მაგალითია, რაც ამ დღეებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხდება: რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იქ არავის აინტერესებს. სინამდვილეში ასამბლეაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ და 150-ამდე პოლიციელს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კრიმინალები არიან და არა – მშვიდობიანი მანიფესტანტები; რომ გამორიცხულია საქართველოში სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არაერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგრამ, კიდევ ერთხელ – ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს და არა ისეთს, რაც რეალობას ასახავს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.