„ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
„FARA-ს დოკუმენტები რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ „ნაცმოძრაობა“ პირდაპირ ფულს იხდიდა ქვეყნის დასანქცირებაში, საკუთარი ქვეყნის დასჯაში და ეს დადასტურდა FARA-ს დოკუმენტებით. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, უბრალოდ არ ვიცი. ეს ხომ არის საკუთარი ქვეყნის ღალატის მორიგი ლუსტრაცია. პირდაპირ ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასანქცირებას, დასჯას და არამარტო ითხოვდნენ, ამაში იხდიდნენ ფულს. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც შეიძლება, გამოვიტანოთ FARA-ს დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციები იყო უსამართლო და გაირკვა ისიც, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ფული.
„ჩვენ საუბარი გვქონდა ყოველთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებზე. როდესაც ვაკრიტიკებდით ამ რეზოლუციებს, ამაზე ჰქონდათ შეფასება, თითქოს ეს იყო ევროპაზე თავდასხმა, ანტიდასავლური განცხადებები და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუციები იყო უსამართლო, გაირკვა, რომ ამ ყველაფრის უკან, გარდა სხვა რაღაცებისა, თურმე მდგარა ფულიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.