„ნაცმოძრაობა“ ნელ-ნელა უძლურდება და იშლება, ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან? დაშლის და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია.
„გელა სამხარაული გადმოჯდა ჩემთან ერთი რამის სათქმელად, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და ამ ოცნებას ასე თუ ავიხდენდი არ მეგონა, ასე ერთმანეთთან დაპირისპირებული „ნაცები“ ერთობ სასიამოვნო სანახავიაო. კარგია ეს. ჩვენ ხომ არ ვართ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გზის დაგებაში და მსგავს რაღაცაში უშუალო მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ აქედან გარკვეულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ საკანონმდებლო ინიციატივებით, ჩვენი მიღებული კანონებით, რაც ხშირად არ ჩანს. კულისებში იკარგება რამდენ კარგ კანონს მივიღებთ. დღეს 100-მდე კანონს ვუყარეთ კენჭი მთელი წინა დღეების განხილვაზე არავის უსაუბრია. მესმის, რომ საინფორმაციო სივრცეში არ რჩება ამისთვის დრო, უამრავ კარგ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ არანაკლებ კარგი საქმეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება. სუბიექტურად, ჩვენ შესაძლოა ძალიან გვაწყობდეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იშლება, მაგრამ ქვეყანასაც ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია. „ნაცმოძრაობა“ ნელ-ნელა უძლურდება და იშლება. ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან? დაშლის და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.