საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის მომხრეებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტები ფიქსირდება, ასევე ადგილი აქვს სააგიტაციო მასალის განადგურებასა და გაყალბებას, რაც მიქანაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენები მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას.
„უფრო მეტიც, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ე.წ. აღშფოთებულ მოქალაქეს წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აქტივისტები, რომელთა მიზანია პოლიტიკური ექსტრემიზმის, ტერორის დამკვიდრება ოპონენტებთან მიმართებაში. ამის უტყუარი დასტურია შემდეგი ფაქტები:
· 25 აგვისტოს, მიუნხენის აეროპორტში, უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ვითომ „აღშფოთებული მოქალაქე“ ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე დადგინდა, რომ ამ სიტყვების ავტორი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია, ამასთანავე იგი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთი მეუღლეა. საყურადღებოა, რომ ამ შეურაცხყოფისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოც სწორედ ტიმოთი ბლაუველთი მიერ არის გადაღებული და გავრცელებული.
· განსაკუთრებით მძიმე, შემზარავი და ტრაგიკულია 4 სექტემბერს წყალტუბოში მომხდარი ფაქტი, რასაც ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა შედეგად. სოფელ გეგუთში „ქართული ოცნების“ წევრებს შტაბში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე მიუვარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
· 9 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მოძრაობა „ტალღას“ წევრი ლევან ბროძელი შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
· 10 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამართა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია. ახალ სახეებს შორის წარდგენილ იყვნენ დამსახურებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონების მისამართით მმართველი გუნდის ოპონენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან მყისიერად დაიწყო სიძულვილისა და ზიზღის კამპანია.
· დესტრუქციული ძალების აგრესია საჯარო მოხელეებსაც შეეხო. 10 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა მიაყენა და ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ მედიის თანდასწრებით. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ ლაშა ფარულავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ს ხელმძღვანელობდა და აღნიშნავდა, რომ იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო.
„მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუების და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკუთარ თავს „ევროპაში კეთილდღეობასთან“ აიგივებენ, ხოლო „ქართულ ოცნებას,“ რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ „იზოლაციაში სიღატაკესთან“. 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები „სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრებისა და მისი წარმომადგენლის, ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია „აირჩიე ევროპის“ მონაწილეც არის რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც „ქართული ოცნების“ არჩევა გაიგივებულია „საქართველოს რუსეთიზაციასთან“. 8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯანო ჟვანიამ „ქართული ოცნების“ ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვლა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებელი ვიდეომონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა“, – განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 5 სექტემბრიდან დღემდე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი.
„ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს, სამგორში, აეროპორტის დასახლებაში როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მმართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საბურთალოზე „ქართული ოცნების“ პლაკატებს „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატები გადააკრეს. სამგორში, აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მე-3 მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 147-ე სკოლისა და მეტრო „წერეთლის გამზირის“ მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს „ქართული ოცნების“ პლაკატები. ტელეკომპანია „მთავარის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. კერძოდ, ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს. მიქანაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა.
„აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ პრეზენტაცია. კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ევროპული ორბიტა“. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში პირდაპირ არიან ჩართული. კოალიციაში გაერთიანებულია „სოროსის ფონდიც“. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კოალიციის Facebook-გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“ და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, – აღნიშნა მიქანაძემ.
რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მედიასივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით.
გივი მიქანაძე უწყებათაშორისმა კომისიის საკითხსაც შეეხო, რომელმაც 15 ივლისიდან ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით დაიწყო ფუნქციონირება და დღეის ჩათვლით ჩატარებულ კომისიის 5 სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მიქანაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ „რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესებზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის.“
„ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ზემოხსენებულ ფაქტთან მიმართებით დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ.
აქვე მსურს, დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება „ქართული ოცნების“ ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ქართული ოცნების Facebook-გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მიქანაძემ