„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში კიდევ უფრო დაიწევს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელება საპარლამენტო შედეგებისთვის „ძალიან კარგი იქნება“.
„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო დაბლა ჩადის, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს. ეს პარტია ეძებს რაღაცა სიახლეებს, თუმცა ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაასახელოს გიორგი ვაშაძე თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად. ეს იქნება ძალიან კარგი საპარლამენტო შედეგისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგია, სწორედ ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც მათ აღენიშნებათ.
„ნიკა მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე დატოვებდა, მას მოწოდებაც კი არ უნდა სჭირდებოდეს. ის ისედაც არის პარტიიდან განდევნილი, მაგრამ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ჯიუტად მაინც არ ტოვებს. წარმოიდგინე „ნაცმოძრაობას“ რომ ვერ ელევა კაცი, რა თავმოყვარეობაზე არის საერთოდ საუბარი? მათი შიდა დაპირისპირება არის ძალიან კარგი. სწორედ, შიდა პარტიული დაპირისპირების შედეგია, მათ შორის ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აღენიშნება“, – განაცხადა კობახიძემ.