კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა, რასაც პოლიტიკური შეფასება სჭირდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, არსებობდეს იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების მქონე დოკუმენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ კი, ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.
„საგამოძიებო კომისია თანაბარი რაოდენობით კომპლექტდება, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას, წინასწარ ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, დღეს ოპოზიცია არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ამბობენ, ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ვემიჯნებით და ვგმობთო რა უკანონობა და უსამართლობა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსო. რეალურად კი, არანაირი სურვილი არ აქვთ, გამოძიებული იყოს ის, რასაც სიტყვიერად ამბობენ, და მოხდეს რეალური პოლიტიკური შეფასება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა არამარტო ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. ამ საკითხს, სულ მცირე, პოლიტიკური შეფასება სჭირდება, რომ საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, ჰქონდეს იურიდიული, სამართლებრივი, პოლიტიკური შეფასების მქონე დოკუმენტი. საშინელება, რომელიც მართლა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში – ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც თავის თავში მოიცავდა არჩევნების მონოპოლიზაციას და გაყალბებას; მედიის სრული მონოპოლიზაცია და დაქვემდებარება ერთი მმართველობის, სარედაქციო პოლიტიკის ქვეშ; ბიზნესის სრული რეკეტი, ბიზნესის სრულად დამორჩილება; და რაც მთავარია, დიდი გეოპოლიტიკური ტრაგედია, რომელიც საქართველოს 2008 წლის ომის ოკუპაციის და ე.წ. აღიარების შედეგად უმძიმესი პოლიტიკური შედეგი დაუდგა. ამავდროულად იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის უფლება, რომელიც ეკონომიკური, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური კუთხით იქნა შეზღუდული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს ითვალისწინებს.
„კომისიის მიერ გამოძახებული იქნება ყველა ის პირი, ვისაც კომისია ჩათვლის საჭიროდ ინფორმაციის მისაღებად. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ ზომებს. მაგალითად გუშინ, პოლონეთში სეიმის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდა ერთ-ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და ის დააკავეს, რადგან ყველა ქვეყანაში კანონი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.