პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა დატოვა. შესაბამისი გადაწვეტილება მიიღო პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა, რომლებიც საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ პარტიის წევრებმა განცხადება საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც პარტიის წევრებმა განმარტეს, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლას.
პარტიის დატოვების მიზეზად მათ “არადემოკრატიული მართვის პრინციპები” დაასახელეს.
„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან. ვაპირებთ ვუერთგულოთ დემოკრატიულ პრინციპებს და ამისთვის ვტოვებთ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”,- განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.
მისივე თქმით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა აუცილებლად შეიქნება, რის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებენ.
მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დეკემბრის ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმაც დატოვა.