მთელი 20 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმით მოქმედებს. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკა იყო ომი და გახლეჩა, 2008 წლამდე მიგვიყვანეს ამ პოლიტიკით, ადამიანების წამებამდე მიგვიყვანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმავეს აკეთებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა.
„ომი და გახლეჩა არის მათი პოლიტიკა. „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა: „გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“.