თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს საკრებულოს ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მისვლას და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ის პროექტები წარუდგინა, რომელიც ქალაქის გენერალურ გეგმას არღვევს.
“როგორც საზოგადოებისთვის ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, თბილისის მერიამ აგვისტოს თვეში საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა სადაო პროექტების მთელი კასკადი, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ურბანული ნაღმები. საუბარია თბილისში, ჯამში 2 მლნ. კვადრატული მეტრის განაშენიანებაზე, რა დროსაც “ქართულმა ოცნებამ” უხეშად გადაუხვია გენერალური გეგმიდან და აბსოლუტურად მოახდინა ქალაქის ინტერესების და უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობების უკან დგანან თავად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები, რაც აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვებს შესაძლო პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე თავად თბილისის მერი გამოცხადდეს და როგორც ამ ქალაქის, მის უსაფრთხოებაზე და სწორ განვითარებაზე პასუხისმგებელმა პირმა წარადგინოს პროექტები და კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხოს”, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენილი პროექტების უკან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებულ პირები დგანან.
“როგორც იცით, კახა კალაძე რამდენიმე დღეა იმალება, არ ჩნდება და კომენტარს არ აკეთებს ამ მავნებლურ პროექტებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს პროექტები არ ემსახურება თბილისელების ინტერესებს, ასევე, კარგად იცის, თუ ვინ დგას ამ პროექტების უკან. ჩვენ მოვითხოვთ თავად თბილისის მერი, კახა კალაძე მობრძანდეს საკრებულოში და გასცეს თბილისელებს პასუხი. გაგვცეს კახი კალაძემ პასუხი, რომ ეს პროექტები კეთდება იმიტომ, რომ თბილისელებისთვის რაიმე კომფორტი იყოს, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ივანიშვილმა, ჩხარტიშვილმა იშოვოს დამატებითი მილიონები. კახა კალაძე არ შეგეშინდეს, არ დაიმალო, საზოგადოებაში არის მწვავე პროტესტი და არსებობს ძალიან ბევრი კითხვა”,- განაცხადა ნადირაძემ.