“კონკრეტული პარტიების მისვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც ამ პარტიებს – გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება იქნება წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„მე იგივე პოზიცია მქონდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვიყავი, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა ოპოზიციისთვის იქნება იმ 61 პროცენტის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება, დარწმუნება და ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი ხმების დაფიქსირება, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პარტიას მისცემს ხმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავის ძალიან მყარი ამომრჩეველი, რომლის ძირითადი მოტივაცია არის მიხეილ სააკაშვილი და ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ.
სწორედ ამიტომ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების ამ რაოდენობას, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან” მისვლა კონკრეტული პარტიების, ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც იმ კონკრეტულ პარტიებს, ეს ხმებს კიდევ უფრო დააკლებს. ამიტომ ნებისმიერი ცენტრი, პარტია რომელიც მოახერხებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, 60 პროცენტის ხმების წამოღებას, ეს იქნება ნამდვილად წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.
პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.