“ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვექნება რუსული პარტიის დამარცხების საერთო სტრატეგია”- ხაბეიშვილი

64
spot_img

მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა.

მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ერთიანი საქართველოსთვის.

„უკრაინაში შეჭრის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოუწია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ცივილიზებული სამყარო დადგა ისტორიულ გზაგასაყარზე. შესაბამისად, ძალიან მარტივი არჩევანი გააკეთა ყველამ მშვიდობასა და ბოროტებას შორის, ტერორიზმსა და მშვიდობას შორის, პუტინის ტერორისტულ ზრახვებსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას შორის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ტერორისტი პუტინი ემუქრება არა მარტო უკრაინას, არამედ მშვიდობას ცივილიზებულ სამყაროში. შესაბამისად, ეს დილემა დადგა საქართველოშიც. სამწუხაროდ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ჰყავს „რუსული პარტია“ და ამ ომის დაწყებისთანავე გაჩნდა კითხვა – ვის მხარეს დაიჭერს პუტინის კარის ოლიგარქი, ვგულისხმობ ივანიშვილს. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ისიც, რომ პუტინის კარის ოლიგარქმა აირჩია კონკრეტული მხარე და ესაა პუტინის რუსეთი. მან მთელ სახელმწიფოს განუსაზღვრა ეს კურსი. ქართველ ხალხს უკვე პირდაპირ, ღიად განუცხადეს, რომ საქართველო ადგას პუტინიზაციის, რუსეთიზაციის გზას და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც იღებენ, დაწყებული რუსული კანონით, გაგრძელებული ლავროვის და მათი ოჯახის წევრების მასპინძლობით, ფრენების აღდგენით. საქართველო, როგორც „შავი ხვრელი“, ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა პუტინს. შესაბამისად, საქართველოშიც დადგა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური რეალობა და პროდასავლურ ფლანგზე, ვგულისხმობ ოპოზიციას, კონკრეტული ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები გახდა საჭირო. რუსული ხელისუფლების, ეკონომიკური სიდუხჭირის, სოციალური პრობლემების პირობებში საზოგადოების, ხალხის დაკვეთა არის ერთობა. აბსოლუტურად ყველა კვლევაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, ყველა შეხვედრაზე ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, უბნებში ხალხი ერთ რამეს საუბრობს – რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობითო. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა.

კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდი პარტიაა პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.